ჰირვონენმა პორტუგალიის რალი მოიგო
1.04.2012 22:08
მიკო ჰირვონენის გამარჯვებით დასრულდა პორტუგალიის ურთულესი რალი, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით, რამდენიმე ფავორიტი, მათ შორის, მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები გამოეთიშა. ჰირვონენმა პირველი გამარჯვება მოიპოვა „სიტროენის“ ავტომობილით და სათავეში ჩაუდგა პილოტთა კლასიფიკაციას.
რბოლის ბოლო, მეოთხე დღეს, პრობლემები ჰქონდათ ჰირვონენის მეტოქეებს, ნორვეგიელ მადს ოსტბერგს და რუს ევგენი ნოვიკოვს, თუმცა ამათ მაინც შეძლეს პოზიციების შენარჩუნება. ნოვიკოვი კი პირველად ავიდა კვარცხლბეკზე. მას ბოლო სპეცმონაკვეთზე აქსელერატორის სატერფული გაუტყდა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. საბოლოოდ კი მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს 22 წამით აჯობა.
სოლბერგი მთელი რბოლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი იყო, თუმცა ჯერ საკუთარმა შეცდომამ (რომელიც გაუვალმა გზამ და სქელმა ნისლმა განაპირობა), შემდეგ კი მანქანის ჭირვეულობამ, კვარცხლბეკზე ასვლის საშუალება არ მისცა და შესაძლოა, გამარჯვებაც დააკარგვინა.
მეხუთე ადგილი დაკარის შარშანდელმა ტრიუმფატორმა, ყატარელმა ნასერ ალ-ატიამ დაიკავა, ვისაც რბოლის მიწურულს, საბურავი დაუზიანდა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში მაინც აჯობა ჩეხ მარტინ პროკოპს. ორივე მრბოლისთვის ეს საუკეთესო შედეგია რალის მსოფლიო ჩემპიონატზე.
No comments:
Post a Comment