პორტუგალიის რალის ჰირვონენი ლიდერობს

პორტუგალიაში მიმდინარეობს რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი, რომელსაც ფინელი მიკო ჰირვონენი (ფოტოზე) ლიდერობს. რბოლას წვიმა და ნისლი ართულებს. რთული პირობების გამო, ხშირია ავარიები. ასპარეზობას პირველივე დღეს გამოეთიშა მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები, რომელსაც ავარია მოუვიდა.
ლიდერი კი ისაა, ვინც ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებს. ჰირვონენი წუთსა და 11 წამს უგებს უახლოეს მდევარს, ნორვეგიელ მადს ოსტბერგს, რომელსაც ნახევარი წუთით ჩამორჩება რუსი ევგენი ნოვიკოვი. მესამე დღეს შესანიშნავად იასპარეზა ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა, ვინც წინა დღეს ლიდერობდა, მაგრამ ტალახიან გზაზე შეცდა და გზიდან გადასული, სადრენაჟო არხში ჩავარდა. მან მესამე დღე 10-წუთიანი ჯარიმით დაიწყო და დღის ოთხი სპეცმონაკვეთი მოიგო და მეოთხეზე გადაინაცვლა. მაგრამ ბოლო სპეცმონაკვეთის წინ, მის „ფიესტაზე“ საჭის გამაძლიერებელი დაზიანდა, რამაც სოლბერგს დრო დააკარგვინა და მანაც მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
No comments:
Post a Comment